მოსაუბრე წიგნები მოგესალმებათ!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იქ, სადაც წიგნში მონათხრობი სიცოცხლეს იძენს მოსმენის, საუბრების, ფიქრების გაზიარების და წარმოსახვის მეშვეობით. სადაც კითხვა მხოლოდ ფურცლების გადაშლას არ ნიშნავს — ეს ახალი სამყაროს აღმოჩენის, იდეების გამოხატვის, თავდაჯერებულობის განვითარებისა და ჯანსაღი კომუნიკაციის შესაძლებლობაა.

მოსაუბრე წიგნების კლუბში ჩვენ:

  • ვუსმენთ და განვიხილავთ სხვადასხვა მოთხრობებსა და ზღაპრებს
  • ვსწავლობთ ახალი სიტყვების მნიშვნელობას და ვაკავშირებთ მათ
    ბავშვებისთვის უკვე ნაცნობ სიტყვებთან.
  • ვიყენებთ უცხო სიტყვათა ლექსიკონს
  • ვსაუბრობთ საინტერესო სიტყვებსა და ფრაზებზე
  • ვვარაუდობთ, თუ რა მოხდება შემდეგ, უკვე წაკითხულის საფუძველზე.
  • მივუთითებთ ნაამბობში გადმოცემულ სხვადასხვა თემებსა და იდეებზე.
  • ვსვამთ კითხვებს წაკითხულის შესახებ, რათა დავეხმაროთ ბავშვებს ტექსტის გააზრებაში.
  • ვაჯამებთ წიგნში მოცემულ ინფორმაციას ან სიუჟეტს.
  • განვიხილავთ პერსონაჟების ქცევას, მოტივაციას და ემოციებს;

წაკითხულის გააზრება ხელს უწყობს ემოციური ინტელექტისა და ემპათიის განვითარებას; ის გვეხმარება შევქმნათ ცოცხალი მოგონებები, რომლებიც ხშირად წლების განმავლობაში თან გაგვყვება.

ჩვენი კლუბი მყუდრო, მეგობრული და მხიარული გარემოა, რომელიც ღიაა ყველა მოსწავლისთვის- როგორც ნეიროტიპული, ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების (სსს) მქონე ბავშვებისთვის.

“მოსაუბრე წიგნები” წიგნის კლუბია, სადაც  ბავშვებს ხმამაღლა ვუკითხავთ წიგნებს, ვსაუბრობთ მოსმენილ ამბავზე, ვცვლით აზრებს და ემოციებს. ასევე ვთამაშობთ, ვხატავთ, ვუსმენთ მუსიკას და ვეცნობით მის სხვადასხვა ჟანრს.
სექტემბრიდან კლუბის შეხვედრები ჩატარდება ინგლისურ ენაზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტექსტის გაგების/გააზრების უნარების ხელშეწყობას ( Read Aloud & Comprehension).

ინგლისურ კლუბს უძღვება პროფესიონალი პედაგოგი, დიდ ბრიტანეთში 10 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილებით, როგორც ნეიროტიპულ, ასევე სსს მოსწავლეებთან.
კლუბის მიზანია დავეხმაროთ ბავშვებს წაკითხულის გაგებისა და გააზრების უნარ-ჩვევების განვითარებაში, შევაყვაროთ მათ წიგნები და ხმამაღლა წაკითხულის მოსმენით მიღებული გამოცდილება.

სიტყვა პაიდეია (Paideia) ძველი ბერძნულიდან მოდის და ნიშნავს განათლებას, ცოდნისა და კულტურის გზით ბავშვის აღზრდასა და განვითარებას.
პაიდეია ასევე გადმოსცემს იდეას, რომ ბავშვის გაზრდა მისი გონების, წარმოსახვის, ხასიათისა და სამყაროსადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებასაც გულისხმობს.

როდესაც პაიდეიას დაარსების იდეაზე დავიწყეთ ფიქრი, უკვე ვიცოდით, რომ უნდა შეგვექმნა მყუდრო, თბილი და მეგობრული გარემო, სადაც ბავშვებს საკუთარი ფიქრების, ემოციებისა და მოსაზრებების თავისუფლად გაზიარების შესაძლებლობა ექნებოდათ და რომელიც მათ ღია, ცოცხალი საუბრებისკენ ბუნებრივად უბიძგებდა.
ამ იდეამ ბუნებრივად მიგვიყვანა ლიტერატურამდე — ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ბავშვებისთვის წიგნის ხმამაღლა წაკითხვა იოლად აღვიძებს მათში დიალოგისა და ცოცხალი კომუნიკაციის სურვილს. ღია და თავისუფალი საუბარი კი გვეხმარება საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, რათა სწორად გავერკვეთ გარე სამყაროსა და მასში მიმდინარე ცვლილებებში.
ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი კომუნიკაცია ერთმანეთის მიმართ გულწრფელი სიკეთის, პატივისცემისა და თანადგომის გამოხატვაა.

Scroll to Top