მარიამ სარდანაშვილი
“წიგნში აღწერილი ამბების ხმამაღლა წაკითხვა უძლიერესი შთამაგონებელი ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია ბავშვს გააცნოს, როგორც საკუთარი თავი, ასევე გარე სამყარო;
გულწრფელობის, სიყვარულის და კეთილგანწყობის გარეშე, ბავშვებში ნდობის მოპოვება წარმოუდგენელია.ამიტომ, ვცდილობ სესიების დროს მათივე ასაკის გავხდე, რაც ბავშვებს საგრძნობ გაბედულებას აძლევს და უბიძგებს ღია, ცოცხალი საუბრებისკენ. ბავშვებისთვის ხმამაღლა კითხვა და მონათხრობით გამოწვეული საინტერესო თემების მათთან ერთად განხილვა, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო პროცესია, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს”.
მარიამ ნარიმანიშვილი
“ჩემთვის წიგნი ერთერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა საკუთარი შემეცნებითი განათლების, გონიერების, ფანტაზიისა და აზროვნების განვითარებისთვის.
ვფიქრობ, რომ წიგნი გვაძლევს უდიდეს არამატერიალურ სიმდიდრეს , რომელიც შემდეგ ჩვენი ინტელექტუალური თუ მატერიალური მიზნების სრულყოფაში გვეხმარება.
ვფიქრობ, წიგნების კითხვას განსაკუთრებული მიდგომა და უნარები სჭირდება, რომელიც სწავლის შედეგად მიიღწევა, რათა ჩვენი ფანტაზია უფრო მეტად განვითარდეს და მისი უკეთ მართვა ვისწავლოთ”.
ჟანა გოგინაშვილი
“ჩემთვის წიგნის კლუბის ყველაზე დიდი ღირებულება ის არის, რომ ბავშვებში წიგნის სიყვარულის გაღვივების პროცესის ნაწილი ვიყო. ვხედავდე, როგორ ფართოვდება მათი ფანტაზია, როგორ სწავლობენ ტექსტში ჩაძირვას, პერსონაჟებთან თანაგანცდას და წარმოსახვით სამყაროში თავისუფლად მოგზაურობას. განსაკუთრებით დიდი სიამოვნებაა იმ პატარა ცვლილებების დანახვა, რომლებიც დროთა განმავლობაში დიდ პროგრესად იქცევა: როცა ბავშვი უფრო თამამად გამოთქვამს აზრს, სვამს საინტერესო კითხვებს, ამჩნევს დეტალებს და წიგნს უბრალოდ აღარ კითხულობს მასთან ურთიერთობას იწყებს. ჩემს კარიერაში პირველად მიწევს ქართველ ბავშვებთან მუშაობა, და ეს ამ გამოცდილებას ჩემთვის კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. ძალიან მიხარია შესაძლებლობა, ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში ბრიტანულ საგანმანათლებლო გარემოში დავაგროვე, ახლა ქართველ ბავშვებს გავუზიარო”.
ციკო ჭურღულაშვილი
“ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა კითხვა, მაგრამ ბავშვებთან ერთად წიგნის სამყაროში მოგზაურობა სულ სხვა გამოცდილებაა.
მათი ჯადოსნური წარმოსახვა, უანგარო სითბო და ხალისი იმდენად გადამდებია, რომ მათთან გატარებული ყოველი შეხვედრა მეც ახალი ენერგიით მავსებს და ახლებურად მაჩვენებს საყვარელ პერსონაჟებს…
მიხარია, რომ პაიდეას გუნდის წევრი ვარ და მაქვს შესაძლებლობა, ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ბავშვებში კითხვისა და წიგნების სიყვარულის გაღვივებაში”.